ბელგიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფედერალურ სამსახურს შორს თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს მხრიდან, მემორანდუმს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ხოლო ბელგიის სამეფოს მხრიდან - საგარეო საქმეთა, ევროპულ საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა, აჯა ლაბიბმა.
საქართველოსა და ბელგიის სამეფოს საგარეო უწყებებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას.
მემორანდუმის მიზანია ხელი შუწყოს ეკონომიკური დიპლომატიის განვითარებას გამოცდილების, ექსპერტული ცოდნისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების გზით. ამასთან, დოკუმენტი მხარეებს აძლევს შესაძლებლობას უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ კონტაქტების გაძლიერებაზე ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების სფეროში.
მემორანდუმი ასევე ქმნის ჩარჩოს განათლების, მათ შორის დიპლომატიური სწავლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმში აღიარებულია ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივის ისტორიული მნიშვნელობა. ასევე ხაზგასმულია ასოცირების შეთანხმების პოტენციალის, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის სრულად განხორციელების აუცილებლობა. დოკუმენტში გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთანავე, კიდევ ერთხელ დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, 14 ივნისს, საქართველოს მთავრობის მეთაური ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოს ფედერალური საჯარო სამსახურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.