ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი, ძალიან არსებითი დისკუსია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მინდა დავადასტურო, რომ ორშაბათს საღამოს მე, ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად მიწვეული ვიყავი პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი, ძალიან არსებითი დისკუსია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, მაგრამ რადგან ეს იყო დახურული შეხვედრა, მე თავს შევიკავებ დეტალებში შესვლისგან”, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა მედიასთან, „რედისონში“ უსაფრთხოების კონფერენციისას ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს მაღალი თანამდებობის ოფიციალურ პირებს შორის დიალოგი ინტენსიურად მიმდინარეობს. ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია ამ დიალოგის გაგრძელება.
„შარშან, როდესაც ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა მიენიჭებინათ, მათ ასევე შეათანხმეს 12 პრიორიტეტი, 12 საკითხი, სადაც საქართველომ უნდა გააძლიეროს რეფორმები. ეს სამუშაო პროცესია უკვე ბევრი რამ არის მიღწეული. მინდა, მივულოცო მთავრობას ბევრი რეფორმა, ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებულია, მაგრამ ზოგიერთი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დაუსრულებელია და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პროგრესს დავინახავთ და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მეტი პროგრესი იქნება მიღწეული 12 პრიორიტეტის განხორციელების კუთხით.
ამავდროულად, ჩვენ ასევე გვჭირდება საქართველოდან მომავალი პოზიტიური, კონსტრუქციული სიახლეები, ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საქართველოს აღქმა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ასევე, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ჩვენი მხრიდან ვეცდებით, ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან და მხარი დავუჭიროთ მთავრობას, რათა შეიქმნას ძალიან პოზიტიური ატმოსფერო, რომელიც დაეფუძნება 12 პრიორიტეტის განხორციელებას, ისევე, როგორც საქართველოს საერთო აღქმას“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
ცნობისათვის, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს 12 ივნისს შეხვდა.