სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემასთან "უკრაინასკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპაციის პირობებში საქართველოს სიმტკიცე ჰმართებს.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები რუსეთთან გარკვეული კავშირების აღსადგენად და დადის ჭორები, რომ შესაძლოა, რუსეთთან სარკინიგზო კომუნიკაცია განახლდეს, რაც ნიშნავს, რომ ამ მარშრუტის ნაწილი იქნება აფხაზეთიც, რომელიც კვლავ რუსეთის კონტროლის ქვეშაა.
„ისინი თქვენთან ომს აგებენ. ჩემი აზრით, უკვე ბევრი მიზეზით წააგეს – პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, საერთაშორისო. მათ სამხედრო თვალსაზრისით ჯერ არ წაუგიათ, მაგრამ ასე უნდა მოხდეს. ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არის. გრძნობენ რა ამას, ისინი, ამავდროულად, იღებენ, რბილად რომ ვთქვათ, ორაზროვან, რბილად რომ ვთქვათ, სიგნალებს საქართველოს ხელისუფლებისგან. ახლა კი ისინი ამოწმებენ, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა.
ეს არის ის, რასაც მე ყოველთვის ვამბობდი: როგორც კი რუსეთი იგრძნობს, რომ არ არსებობს სიმტკიცე და ეს არ არის იგივე, რაც დაპირისპირება... მესმის, რომ საქართველო ოკუპირებულია და ვერ ახორციელებს კონფრონტაციის პოლიტიკას, მაგრამ უნდა იყოს ძალიან მტკიცე და სიმტკიცის ნაკლებობა უბიძგებს რუსეთს, შეამოწმოს რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ.
ამიტომ, მათ მოსინჯეს ამ ფრენებით. ახლა მათ შეიძლება მოსინჯონ რკინიგზაზე. ისინი აპირებენ სხვა რამის ცდასაც და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სიმტკიცე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.