აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ საქართველო და ამერიკა საერთო ღირებულებებს იზიარებენ და ამის მაგალითია ის მხარდამჭერი პროექტები, რომლებსაც შტატები საქართველოში ახორციელებს. ეს არის საქართველოს მოსახლებოსადმი შეერთებული შტატების ერთგულების დადასტურება.
„ჩემთვის პატივია საქართველოში ჩამოსვლა პირველ ლედისთან, მარტი კემპისთან ერთად ჯორჯიის შტატიდან. ათწლეულების განმავლობაში შთამბეჭდავი პარტნიორობა გვაკავშირებს ყველა იმ ჯგუფთან, რომელიც ჩვენ ადგილზე გვყავს; საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან. ამ პარტნიორობას გენერალი კარდენი ხელმძღვანელობს. ჩვენ რეალურად ვხედავთ მათ კარგ სამუშაოს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს მოსახლეობას, ცხადია, მხარს ვუჭერთ იმას, რასაც ამერიკელი სამხედროები და საქართველოს ეროვნული გვარდია აკეთებენ აქ დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს არის ვალდებულება.
ცხადია, აქ ხალხს ესმის გეოპოლიტიკა, რა ხდება მსოფლიოში ახლა, აშშ-ის მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, ომი უკრაინაში. საქართველოს მოსახლეობას რა თქმა უნდა ესმის, რას განიცდიან უკრაინელები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, გავაგრძელოთ ასეთი შესანიშნავი პარტნიორობა საქართველოსთან“, - განაცხადა ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა.
ცნობისთვის, ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი პირველი ამერიკელი გუბერნატორია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ის სოფელ წილკანში აშშ-ის სამხედრო დახმარებით აშენებული მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის გახსნას დაესწრო.
„ეს პროექტი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მრავალმხრივია ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივი ძალებით“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.