NATO-ში გაწევრიანების პროცესი ომის შემდეგ დაიწყოს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები - წელსვე - ევროპარლამენტის რეზოლუცია უკრაინაზე

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ NATO-ს მოკავშირეებს, პატივი სცენ უკრაინის წინაშე დადებულ ვალდებულებებს და გზა გაუხსნან კიევს თავდაცვის ალიანსში გასაწევრიანებლად.

რეზოლუციაში, რომელიც ხუთშაბათს, 425 ხმით, 38-ის წინააღმდეგ მიიღეს, ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იმედოვნებენ, „გაწევრიანების პროცესი ომის შემდეგ დაიწყება და რაც შეიძლება მალე დასრულდება".

რეზოლუციის თანახმად, უკრაინის მიერ სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებამდე, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, ასევე NATO-ელმა მოკავშირეებმა და ახლო პარტნიორებმა უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შექმნან უსაფრთხოების გარანტიების დროებითი მექანიზმი, რომელიც ომის დასრულებისთანავე უნდა ამოქმედდეს.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ინტეგრაცია NATO-სა და ევროკავშირში გააძლიერებს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას და გააძლიერებს კავშირებს უკრაინასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებას შორის.


ევროპარლამენტის წევრები იმედოვნებენ, რომ ევროკომისია დადებით დასკვნას გამოაქვეყნებს, როგორც კი უკრაინა ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას შეასრულებს. ისინი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მკაფიო გზის განსაზღვრას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ საკმარისი მხარდაჭერის შემთხვევაში, მოლაპარაკებები შესაძლოა, უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის ევროკავშირსა და NATP-ში ინტეგრაცია გააძლიერებს ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას.

ევროპარლამენტი ასევე გმობს რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევა და მას სამხედრო დანაშაულს უწოდებს.