ისტორიაში პირველად, ისრაელი Merkava-ს ტიპის ტანკებს ევროპის ქვეყანას მიჰყიდის - მედია

ისრაელი მეორადი ტანკების მიყიდვაზე ორ ქვეყანასთან, მათ შორის ევროპაში, მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც ჯავშანტექნიკის პირველი ასეთი ექსპორტი იქნება, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ისრაელის მედიის ცნობით.

ოფიციალური პირის თქმით, ბევრი ევროპული ქვეყანა ცდილობდა მარაგის სწრაფად შევსებას მას შემდეგ, რაც უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა, რაც დაეხმარა მას რუსეთის ძალების უკუგდებაში.

„არსებობს ორი პოტენციური ქვეყანა, რომლებთანაც ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს [Merkava-ს ტიპის ტანკების გაყიდვაზე]. მე ვერ დავასახელებ ქვეყანას, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ერთი მათგანი ევროპის კონტინენტზეა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თავდაცვის თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა, იაირ კულასმა.

სავარაუდოდ, პოტენციური გაყიდვები მოიცავს უფრო ძველ Merkava Mark 2-ს და Merkava Mark 3-ის ზოგიერთ ტანკს, რომლებიც 1990-იან წლებში იყო ექსპლუატაციაში. კულასმა თქვა, რომ სხვა ჭარბი სისტემები, მათ შორის სამხედრო კატარღები და ჯავშანტექნიკაც, გაიყიდება, რადგან IDF-მ შეიძინა უფრო მოწინავე სისტემები. 2021 წელს ისრაელმა შეერთებულ შტატებსა და კანადას 29 ძველი F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი მიჰყიდა, რათა ისინი წვრთნებისთვის გამოეყენებინათ.


ისრაელი ჯერჯერობით თავს არიდებს კიევისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევას მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.

„ევროპის ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას და ამარაგებენ მას სისტემებით. ამ ქვეყნებში მარაგები იცლება, ისინი აახლებენ მათ უფრო თანამედროვე და უახლესი სისტემების შეძენით და აი, აქ ხდება თვალსაჩინო ისრაელის ინდუსტრიები“, - განუცხადა კულასმა მედიას.

საერთაშორისო მედიაში წერენ, რომ თეორიულად, როგორც კი ტანკები ევროპას მიაღწევენ, ისინი შეიძლება, უკრაინაში გადაიტანონ ისრაელის ნეიტრალიტეტის დარღვევის გარეშე.