რუსეთის მიერ უკრაინაში ხელმეორე შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება და, ამასთან ერთად, დასავლეთის დამოკიდებულებაც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
,,ამჯერად, დასავლეთი რეალურად შეეწინააღმდეგა რუსულ პოლიტიკას. საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ, შესაძლებლობების ფარგლებში, მხარი დაუჭირა უკრაინას. ჩვენ ვიყავით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ინიციატივის თანაავტორი და მხარდამჭერი. აგრეთვე, მივიღეთ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან ჩვენს 300,000 იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად.
ჩვენი რთული გეოსტრატეგიული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს რუსეთის მიმართ მხოლოდ სტრატეგიული მოთმინების იმ პასუხისმგებლიანი პოლიტიკის შენარჩუნება შეეძლო, რომელსაც წლების განმავლობაში ფრთხილად ატარებდა. ეს პოლიტიკა, რომელსაც წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ასევე, გულისხმობს უარის თქმას რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების შემოღებაზე. ის, აგრეთვე, გულისხმობს იმას, რომ საქართველომ არ დააწესოს სანქციები საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების თაობაზე რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პოლიტიკა კვლავ მტკიცედ პროუკრაინული, ევროკავშირსა და ნატოზე ორიენტირებულია, ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოს ახლა უკვე პრორუსულობის გამო აკრიტიკებენ. ჩვენი მოქალაქეები ნეგატიურად აღიქვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მსგავს არათანმიმდევრულ და უსაფუძვლო კრიტიკას. თავად განსაჯეთ: ისინი, ვინც წლების განმავლობაში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მხრივ ზედმეტად ფრთხილები იყვნენ, ახლა ცდილობენ იყვნენ ხმამაღალი თავიანთ ანტირუსულ პოლიტიკაში და მეტიც, აკრიტიკებენ საქართველოს, უკრაინასთან დაკავშირებულ კონფრონტაციაში თავით არ გადაშვების გამო. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ამ კრიტიკოსებს არ მოუხდენიათ რეაგირება რუსეთის საქართველოში შემოჭრაზე, რაც ქართველი ხალხისთვის არანაკლებ სასტიკი და დამაზიანებელი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ჩვენდა სამწუხაროდ, იმ დროინდელ რუსეთის აგრესიას თითქმის არანაირი საპასუხო წნეხი არ მოჰყოლია,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე ი Civili.ge-ში გამოქვეყნებულ წერილში.