აშშ უკრაინელი ხალხისთვის დამატებით, $205 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს - ენტონი ბლინკენი

შეერთებული შტატები უკრაინის მოსახლეობას დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. პაკეტის ღირებულება 205 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენის განმარტებით, ეს არის იმ მხარდაჭერის ნაწილი, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და სასტიკი ომის შედეგად დაზარალებულთათვის აშშ უზრუნველყოფს.

ბლინკენის განმარტებით, 2023 ფისკალურ წელს, უკრაინისთვის მიწოდებული ჰუმანიტარულ დახმარების რაოდენობა 605 მილიონ დოლარს აჭარბებს.

2022 წლის თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა 2,1 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინის მოსახლეობას, როგორც უკრაინის შიგნით, ასევე, რეგიონში.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესიული ომი და ხელი შეუწყოს უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელ წვდომას და უსაფრთხო გადასასვლელს მათთვის, ვინც ცდილობს, გადააადგილდეს უსაფრთხო ზონებში. შეერთებული შტატების პასუხი აძლიერებს უკრაინის ზოგად უსაფრთხოებას, ეკონომიკურ აღდგენას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და რუსეთის ომის შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე რეაგირებას. ჩვენ მივესალმებით სხვა დონორების წვლილს ამ კრიზისზე რეაგირებაში და მოვუწოდებთ კიდევ უფრო მეტ დონორს, გულუხვად დაუჭირონ მხარი უკრაინასა და რეგიონში სერიოზულ ჰუმანიტარულ საჭიროებებს“, - აღნიშნა ბლინკენმა.