საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაქან ფიდანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის პირველ დიპლომატს კიდევ ერთხელ მიულოცა აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების მზაობა და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
„ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერისთვის.
კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონში სამშვიდობო პროცესების პოზიტიურად წარმართვის და რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.
მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის პრეზიდენტის ბოლო შეხვედრას ანკარაში პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე და გამოთქვეს იმედი, რომ მაღალი დონის შეხვედრები არსებული ინტენსივობით შენარჩუნდება, რაც დადებითად აისახება ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
მინისტრებმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატში და სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრის მზაობა გამოთქვეს.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.