დიდი ბრიტანეთი უკრაინის კიბერთავდაცვის დასახმარებლად 16 მილიონი ფუნტის (დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
„რუსეთის საზარელი შეტევები უკრაინის წინააღმდეგ არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ტერიტორიაზე ბარბაროსული შეჭრით, ის იმ კიბერინფრასტრუქტურაზე შეტევის მცდელობასაც შეიცავს, რომელიც უკრაინელი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებას აწვდის - საბანკო მომსახურებიდან დაწყებული, ენერგეტიკულით დამთავრებული ", - განაცხადა რიში სუნაკმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის კიბერშეტევების შეწყვეტისა და უკრაინის კიბერუსაფრთხოების განმტკიცებისთვის ამ ფინანსური დახმარების პაკეტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ასევე დიდი ბრიტანეთი დამატებით 60 მლნ. გირვანქა სტერლინგს ($77 მლნ.) NATO-ს უკრაინის მხარდაჭერის ფონდში შეიტანს.