უკრაინამ წუხელ რუსეთის ძალების მიერ გაშვებული 35 კამიკაძე-დრონიდან 32 ჩამოაგდო, იტყობინება საჰაერო ძალები 20 ივნისს.
რუსულმა ძალებმა ბრიანსკის ოლქიდან და აზოვის ზღვიდან 35 შაჰედ-136/131 თავდასხმის დრონი დაუმიზნეს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
საჰაერო ძალებმა მოახერხეს 30 თვითმფრინავის განადგურება, ხოლო სახმელეთო ძალებმა ორი ჩამოაგდეს.
მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო თავდაცვა გააქტიურებული იყო უკრაინის ოლქების უმეტესობაში, თავდასხმის მთავარი ზონა კიევის ოლქი იყო, აღნიშნა საჰაერო ძალებმა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქის თავზე მტრის 20-მდე სამიზნე აღმოაჩინეს და გაანადგურეს.
რუსულმა ძალებმა ისკანდერის ბალისტიკური რაკეტებით ასევე დაარტყეს ზაპოროჟიეს, ნათქვამია მოხსენებაში. ზაპოროჟიეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანატოლი კურტიევმა განაცხადა, რომ მსხვერპლი არ არის, არც საცხოვრებელი კორპუსები დაზიანებულა.
მან თავდასხმის შესახებ დეტალები არ დააკონკრეტა. ლვოვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საჰაერო თავდასხმა ქალაქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა, გაჩნდა ხანძარი, მაგრამ მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.