თავი არ უნდა დავხაროთ, ჩვენს პარტნიორებზე როცა ვსაუბრობთ, სიმართლე უნდა ვუთხრათ მათაც - კალაძე

თუნდაც, ჩვენს მეგობრებს, როდესაც აქვთ მცდელობა, თვალებში ნაცარი შეგვაყარონ, ჩვენ თავი არ უნდა დავხაროთ, ნაცარი არ უნდა შეაყრევინო არავის თვალებში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხად ძალადობა არ უნდა ხდებოდეს. არ უნდა ხდებოდეს ძალადობის წახალისება. გუშინ მაგალითი მოვიყვანე, როდესაც პოლიციელს მაგალითად „მოლოტოვოს კოქტეილს“ ესვრი, გაქვს მცდელობა, ცოცხლად დაწვა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები გამოდიან და აქვთ მცდელობა, რომ გმირად შერაცხონ ეს ადამიანი, ეს ძალიან დამაზიანებელია და ძალიან ცუდია. ძალადობას ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ.

როდესაც აქვთ მცდელობა, თუნდაც, ჩვენს მეგობრებს, თვალებში ნაცარი შეგვაყარონ, ჩვენ თავი არ უნდა დავხაროთ, ნაცარი არ უნდა შეაყრევინო არავის თვალებში. როდესაც გეუბნებიან თეთრზე შავიაო, არ უნდა მისცე ამის საშუალება და ამის უფლება, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებზე, ჩვენს პარტნიორებზე, რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა ვუთხრათ მათაც“, - განაცხადა კალაძემ.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.