ევროკავშირი: უნგრეთმა უნდა განმარტოს თავისი როლი უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაში

ევროკავშირმა განაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთიდან უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაში თავისი როლი უნდა განმარტოს. უკრაინული მედია ევროკავშირის სპიკერის, პიტერ სტანოს კომენტარს ციტირებს.

სტანომ კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომ უნგრეთში იმყოფება 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც მან რუსეთის ფედერაციიდან გაიყვანა და მათთან არ უშვებს უკრაინელ დიპლომატებს.

„რაც შეეხება უნგრეთს, მისმა ხელისუფლებამ უნდა ახსნას დეტალები და მონაწილეობა რუსეთის მიერ სამხედრო ტყვედ მყოფი უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებაში, ასევე ამ საკითხზე უნგრეთის კომუნიკაცია უკრაინის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს. ამის გამო უკრაინამ უნგრელი დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის განცხადებით, მათ აცნობეს კიევს უკრაინელი სამხედრო ტყვეების უნგრეთში გადაყვანის შესახებ მაშინ, როდესაც ეს მოხდა და რომ ისინი უნგრეთში ჩასვლის შემდეგ აღარ არიან ტყვეები.

განახლება: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ უარყო მისი მთავრობის მონაწილეობა რუსეთიდან უნგრეთში 11 უკრაინელი სამხედრო ტყვეის გადაყვანაში.

„ვფიქრობ, კარგი ამბავია, რომ ისინი თავისუფლები არიან და რომ გაიმართა კონსულტაციები საეკლესიო და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, სადაც უნგრეთის სახელმწიფო აბსოლუტურად არ იყო ჩართული“, - განაცხადა სიიარტომ.