რუსულენოვანი ტელეგრამ-არხები, მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ წერენ. დასახლება ლუკინო და ნარო-ფომინსკის რაიონი, სადაც რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილია დისლოცირებული, აფეთქებების ადგილებად არია მოხსენიებული.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ თანახმად, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს მოსკოვის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ლუკინოსთან მდებარე მინდორში და მოსკოვის ოლქში, ტამანის დივიზიის დისლოკაციის რაიონში. რუსეთის არმიის ეს დივიზია ნარო-ფომინსკის რაიონშია განთავსებული.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით, ორი აპარატი ჩამოაგდეს სამხედრო ნაწილის საწყობებთან მიახლოებისას. ვორობიოვის თანახმად, შემთხვევის რაიონში სპეცსამსახურები მუშაობენ.
მისივე თანახმად, დრონების აფეთქებას არცერთი ობიექტი არ დაუზიანებია და არავინ დაშავებულა, აპარატების ფრაგმენტები კი ექსპერტიზისთვის გაიგზავნა.
დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ არის.
უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებული აქვს, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. ზელენსკიმ განმარტა, რომ პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.