ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები აუცილებლად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუხარდება პირველ რიგში ქართველ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
„მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ სახელმწიფოს და პირველ რიგში ქართველ ხალხს აუცილებლად დაუფასდება ძალისმხევა, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. რამდენი სიცოცხლე შეწირეს ჩვენმა ჯარისკაცებმა საქართველოს დასავლურ არჩევანს, ავღანეთიდან დაწყებული ბევრი სხვა მისიით დასრულებული, ასევე მთელი ის ცვლილებები რომელიც გაატარა ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება სათანადოდ შეფასებული და დაფასებული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის ჩვენი ევროპელი კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები აუცილებლად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუხარდება პირველ რიგში რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.