ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის 840 მილიონ ევროს გამოყოფს

უკრაინამ და ევროპის საინვესტიციო ბანკმა აღდგენის პროექტებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. დოკუმენტი უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტების განსახორციელებლად, 840 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკრაინას გადაუდებელი დახმარების სახით 1,7 მილიარდი ევრო გამოუყო. ეს თანხები მიმართული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის საჭიროებებსა და უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად. დღეს ჩვენ ვაფართოებთ თანამშრომლობას უკრაინის აღდგენის საქმეში. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ არაერთ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა კუბრაკოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული 840 მილიონი ევრო მოხმარდება აღდგენის პროექტების მომზადებას, შეფასებას, დაფინანსებას და განხორციელებას.

ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი კრედიტორია.