უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ თითქმის 7 მილიარდი დოლარის დახმარებას ელოდება. ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც შმიგალმა ლონდონის კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად, კიევი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში უდიდესი აღდგენითი პროექტის წინაშე დგას.
კონფერენციაზე ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვებმა მილიარდობით დოლარის დამატებით დახმარების პირობა დადეს, რადგან უკრაინამ განაცხადა, რომ მას კიდევ მეტი კაპიტალი და ასევე კონკრეტული პროექტები სჭირდებოდა, რომ არამხოლოდ აღდგეს, არამედ, ჩამოყალიბდეს დასავლეთის ძლიერ წევრად.
თანხები ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, კორუფციასთან ბრძოლას და უკრაინის ევროპული განვითარების გზის მხარდაჭერას მოხმარდება.
დენის შმიგალის განცხადებით, ისეთი საგანგებო ამოცანების გადასაწყვეტად, როგორიც არის: ეკონომიკის მხარდაჭერა, განნაღმა, საცხოვრებლების აღდგენა, საჭიროა 14 მილიარდ ევროზე მეტი. ამ თანხის ნახევრის მოზიდვას უკრაინა საკოორდინაციო დონორთა პლატფორმის მექანიზმის დახმარებით გეგმავს.
„ზოგადად, გრძელვადიანი აღდგენისთვის არანაკლებ 411 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო. ყოველდღე რუსეთი ახალ დარტყმებს ახორციელებს და, სამწუხაროდ, ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა დენის შმიგალმა.