ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტში, ოკუპირებულ ცხინვალში 2015 წელს დაარსებული ბანკი შეიტანა.
დოკუმენტში, რომელიც „ეხო კავკაზამ“ მოიპოვა, წერია, რომ "საერთაშორისო ბანკმა" გახსნა ოფისები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. ის რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლის ქვეშ მოქმედებს. გარდა ამისა, ბანკმა რეგიონში გახსნა ბანკომატები და ფილიალს ამუშავებს ლუგანსკშიც.
„ამგვარად, ბანკი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
„ეხო კავკაზა“ თვითგამოცხადებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე „საერთაშორისო ბანკის“ გახსნის შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს წერდა.
„საერთაშორისო გადარიცხვების ბანკმა" დონეცკში ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო. მაშინ პოლიტოლოგები და ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ რუსეთი ოკუპირებული ცხინვალის ბანკის მეშვეობით, სანქციების გვერდის ავლით ახორციელებს ანგარიშსწორებას
ამერიკული გაზეთი The Washington Post 2018 წელს წერდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი „გადაიქცა ფინანსურ ოფშორად, რომლის მეშვეობითაც, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში“ სეპარატისტებს აფინანსებს.
სანქციების განახლებული პაკეტი ევროკავშირმა 21 ივნისს შეათანხმა. მისი დამტკიცება ხვალ, 23 ივნისს, იგეგმება.