უახლოეს დღეებში შესაბამისი სამსახურები, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ავარიის საფრთხის გათვალისწინებით, სწავლებას ჩაატარებენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, იჰორ კლიმენკომ ეროვნული ტელემარათონის დროს განაცხადა.
კლიმენკოს თქმით, რადიაციის საზომი ყველა მოწყობილობა მზად არის.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ზაპოროჟიესა და ქარხნის მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლებმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ. მინისტრის თქმით, უკრაინის ყველა სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება მზად არიან „ნებისმიერი საგანგებო სიტუაციისთვის, მათ შორის ზაპოროჟიეს ქარხნიდან რადიაციის შესაძლო გაჟონვასთან დაკავშირებით“.
მინისტრის ინფორმაციით, დღეიდან ამოქმედდა შესაბამისი შტაბი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივნისს განაცხადა, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსეთი განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „ტერორისტული აქტის სცენარს". ზელენსკის თქმით, უკრაინის მხრიდან მსოფლიო ინფორმირებული და გაფრთხილებულია და უნდა იმოქმედოს.