ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, მარია ზახაროვას, რომელმაც ისრაელის ელჩი „უკრაინული ფაშიზმის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
საგარეო უწყების სპიკერის თანახმად, ისრაელის პოლიტიკა უცვლელი დარჩება და არასოდეს არ დაუჭერს მხარს დამნაშავეების, ჰიტლერის რეჟიმთან მოთანამშრომლეებისა და ებრაელების ხოცვაში მონაწილეთა გამართლებას. მაგრამ არავის აქვს უფლება, რომ ისრაელსა და მის ოფიციალურ პირებს ისტორიის დსამახინჯებით ასწავლოს, თუ როგორ შეინახონ ხსოვნა ჰოლოკოსტზე ან ომზე.
„არცერთმა ქვეყანამ არ უნდა წაუკითხოს ისრაელს, მის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის დიპლომატებს ლექცია იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცავდეთ ჰოლოკოსტის ხსოვნას“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ლიორ ჰაიატის ოფიციალური Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე მარია ზახაროვამ „მკრეხელური“ უწოდა უკრაინაში ისრაელის ელჩის, მიხაელ ბროდსკის მიერ პორტალ Iton TV-ისთან ინტერვიუში ნათქვამს, რომ სტეპან ბენდერას, რომან შუხევიჩისა და ანდრეი მელნიკის მიმართ ებრაელებისა და უკრაინელების განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, „უკრაინელებისათვის ისინი არიან გმირები, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ“.
მარია ზახაროვამ თავისი ტელეგრამ არხი გამოიყენა ისრაელის ელჩისთვის იმის შესახსენებლად, რომ „უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის ანტისემიტური პოლიტიკის კვალდაკვალ, ასე მსჯელობდნენ 1930-იან წლებში ისინი, ვინც ჰიტლერს უწევდა სპონსორობას“.
„თუ მიხაილ ბროდსკის აზრით, კიევს უფლება აქვს ასეთ გმირებსა და იდენტობაზე, მაშინ ეს უკვე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრობლემაა“, - წერს ზახაროვა.