უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის აღდგენის კონფერენციის შედეგები შეაჯამა. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ლონდონში და მის ფარგლებში ცნობილი გახდა იმ დახმარებების შესახებ, რომელსაც პარტნიორებისგან უკრაინა მიიღებს.
„დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების და ევროკავშირის მხარდაჭერა გადამწყვეტია. გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამები მომავლისთვის, მომავალი წლებისთვის. ხუთასამდე გლობალური კომპანია, ძლიერი კომპანია დაინტერესებულია უკრაინაში ინვესტიციით“, - აღნიშნა ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.
მან ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„უკრაინა უკვე პოლიტიკურად აღიქმება ევროკავშირის წევრად. ცალკე ვმუშაობთ ტერორისტული სახელმწიფოს და მასთან ასოცირებული პირების აქტივების კონფისკაციის მექანიზმზე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოამზადა კონფერენცია და მონაწილეობა მიიღო მის მუშაობაში, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.