მედიის ცნობით, პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა

როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა Meduza წერს. ამასთან, ანალოგიურ ცნობას Nexta BBC-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

წყაროები ჯავშანტექნიკის ფოტოებს ავრცელებენ.

„არის ბრძანება, რომ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, „როსგვარდიის" სრული შემადგენლობა, ასევე, გავაძლიეროთ პოსტები „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან” და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან” საზღვრებზე“, - წერს თავის მხრივ, ადგილობრივი გამოცემა 161.ru, წყაროებზე დაყრდნობით.


„შოიგუ როსტოვიდან ლაჩრულად გაიქცა, როგორც ქალაჩუნა. იმისთვის, რომ არ აესხნა, რატომ ასწია ვერტმფრენები ჩვენი ბიჭების (ვაგნერელების) გასანადგურებლად, რატომ ახორციელებდა სარაკეტო დარტყმებს. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება… ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები არანაირად არ უშლის ხელს სამხედროებს. ჩვენ

25-ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა“, - განაცხადა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა.

რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

„განცხადებებს, რომლებიც ევგენი პრიგოჟინის სახელით ვრცელდება, არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ. ამ განცხადებებთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [“ეფესბე”] მიერ შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები”, - ნათქვამია რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.

პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ.