ჩვენ ახლა ვუყურებთ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასასრულის დასაწყისს“, - ამბობს NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი CNN-თან სატელევიზი ინტერვიუში. ის ამერიკულ ტელეარხს ესაუბრება რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე.
ბოლო ცნობებით, რომელსაც BBC ავრცელებს, მოსკოვის მერმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“.
23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.
„ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე".
24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.
„ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".