ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი რუსეთში არეულობების გამო გაააქტიურა.
„სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა ბორელმა Twitter-ზე.
შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანია იწყებს „სამართლიანობის მსვლელობას“ - შეიარაღებულ სვლას მოსკოვისკენ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის დასჯის მიზნით.
24 ივნისის ღამით, „ვაგნერის" დაქირავებულმა მებრძოლებმა რუსეთის ქალაქი, დონის როსტოვი დაიკავეს და მოსკოვისკენ გადაადგილება დაიწყეს. მათი მეთაური, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მათ სურთ, თავიდან მოიცილონ კორუმპირებული და არაკომპეტენტური მეთაურები, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე ომის წარუმატებლობაში ადანაშაულებს.
24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავის გამოსვლაში აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება".