ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ შეწყვეტილი ამბოხი აჩენს ბზარებს მოსკოვის სამხედრო ძალაში, რაც, ბორელის შეფასებით, გამოწვეულია უკრაინასთან ომით. ბორელი ლუქსემბურგში, ბლოკის მინისტრებთან შეხვედრაზე ჩავიდა.
„პოლიტიკური სისტემა აჩვენებს სისუსტეებს და სამხედრო ძალა იშლება. არ არის კარგი იმის დანახვა, რომ ისეთი ბირთვული ძალა, როგორიც რუსეთია, შეიძლება, გადავიდეს პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში“, – განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ ეს არის მომენტი, როცა ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა „ისე, როგორც არასდროს“.
დღეს საბჭო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას დაამტკიცებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა თავის მხრივ განაცხადა, რომ პუტინი ანადგურებს საკუთარ ქვეყანას უკრაინაში თავისი „სასტიკი აგრესიული ომით". „ჩვენ ვხედავთ მასობრივ ბზარებს რუსულ პროპაგანდაში“, - აღნიშნა ბერბოკმა.