ევროპის სამშვიდობო ფონდის მოცულობა $3.8 მილიარდით იზრდება

ევროკავშირის საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) საერთო ფინანსური ზღვრის 3.5 მილიარდი ევროთი გაზრდაზე. Reuters-ის თანახმად, შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

მისივე თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს უზრუნველყოს ევროპული სამშვიდობო ფონდის ფინანსური მდგრადობა და პროგნოზირებადობა გრძელვადიან პერსპექტივაში და შეინარჩუნოს მისი გლობალური გეოგრაფიული ფარგლები და ევროკავშირის შესაძლებლობა, თავიდან აიცილოს და სწრაფად მოახდინოს რეაგირება კრიზისებსა და კონფლიქტებზე.

„დღევანდელი გადაწყვეტილება კვლავ უზრუნველყოფს, რომ გვქონდეს დაფინანსება, რათა გავაგრძელოთ კონკრეტული სამხედრო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ევროპის სამშვიდობო ფონდის დაფინანსების უკვე მეორე ზრდაა 2021 წელს მისი შექმნის შემდეგ.

ორ წელზე ნაკლებ დროში, ფონდმა დაამტკიცა თავისი ღირებულება. მან მთლიანად შეცვალა ის, თუ როგორ ვუჭერთ მხარს ჩვენს პარტნიორებს თავდაცვაში. ეს აძლიერებს ევროკავშირს და მის პარტნიორებს“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.

დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, ფონდის საერთო ფინანსურმა ზღვარმა 12 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

„ეს გადაწყვეტილება აგზავნის მკაფიო პოლიტიკურ სიგნალს უკრაინისა და სხვა პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ევროკავშირის მუდმივი ვალდებულების შესახებ“, - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში.

ცნობისათვის, ხსენებული ფონდი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად ასევე გამოიყენება.