აშშ უკრაინას დამატებით, 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას უგზავნის

შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ სავარაუდოდ, 27 ივნისს გამოაცხადებს. Reuters-სთან წყარო ანონიმურობის პირობით ამბობს, რომ დახმარების პაკეტის ფარგლებში, უკრაინა მიიღებს საბრძოლო მასალას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, მათ შორის Javelin-ებს და საბრძოლო მასალას Patriot-ისა და Stinger-ის საზენიტო სისტემებისთვის.

პაკეტი კვლავაც დასრულების პროცესშია და მასში, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებებიც შევიდეს. ეს დახმარება იქნება 41-ე პაკეტი, რომელსაც აშშ უკრაინისთვის დაამტკიცებს მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა. მთლიანობაში აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება 40 მილიარდ დოლარს აჭარბებს.