უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 ივნისის ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინული ძალები წინ მიიწევენ ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით, სადაც ქვეყანა შეტევით ოპერაციებს ატარებს.
26 ივნისს ზელენსკიმ დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე მდებარე ხორტიციის ოპერატიული და სტრატეგიული ჯგუფი მოინახულა, სადაც მან რამდენიმე ჯარისკაცს ჯილდოები გადასცა.
პრეზიდენტი ასევე ეწვია ტავრიის სარდლობას, რომელიც სამხრეთ ფრონტის ხაზს მოიცავს.
„დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს პროგრესს ყველა მიმართულებით და ეს ბედნიერი დღეა. ვუსურვებ მათ კიდევ ბევრ ასეთ დღეს", - განაცხადა ზელენსკიმ. მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა 26 ივნისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის სოფელ როვნოპოლზე კონტროლი დაიბრუნეს. ხსენებული დასახლება, რომელიც 2022 წლის მარტიდან ოკუპირებული, დონეცკი-ზაპოროჟიეს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარეობს. უფრო ადრე, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 8 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ იუწყებოდა.
ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე მოგზაურობის დროს შეხვედრები გამართა გენერლებთან ვასილ ზუბანიჩთან, ალექსანდრე ტარნავსკისთან, იური სოდოლთან და ალექსანდრე სირსკისთან.
26 ივნისს, უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა სირსკიმ ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა კონტროლი დაიბრუნეს სევერსკი დონეცი-დონბასის არხის დასავლეთ ნაპირზეც.
ივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით კონტრშეტევით ოპერაციებს ატარებენ.