ოკუპირებული ყირიმის ე.წ. მთავრობის ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა ნახევარკუნძულის კიროვსკის რაიონში სარკინიგზო ლიანდაგების დაზიანების შესახებ განაცხადა. დაზიანების მიზეზებზე არ საუბრობენ.
აქსენოვის თანახმად, მსხვერპლი არ არის, ადგილზე სპეციალიზებული სამსახურები მუშაობენ.
"სარემონტო სამუშაო დაახლოებით 4-დან 8 საათამდე გაგრძელდება", - წერს აქსიონოვი ოფიციალური ტელეგრამის არხზე.
რკინიგზის რელსების დაზიანების გამო, ორი შორ მანძილზე მოძრავი და ორი საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლა შეფერხდა.
საერთაშორისო მედია წერს, რომ დამოუკიდებელი წყაროებიდან ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.
ბოლო პერიოდში, ხსენებული სარკინიგზო მონაკვეთის დაზიანების შესახებ ცნობები ხშირია.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს. უკრაინა ახლა კონტრშეტევის ეტაპზეა.