უკრაინაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის თანახმად, რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ მისიის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, დაკავებულებიდან 77 სიკვდილით დასაჯეს. გაეროს ადამიანის უფლებების ოფისმა გამოავლინა თვითნებური დაკავებების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის წამების, არასათანადო მოპყრობისა და გაუჩინარების.
ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთის მიერ დაკავებები განხორციელდა როგორც უკრაინაში, ასევე, რუსეთში.
ანგარიშის ავტორების თქმით, საუბარია 72 მამაკაცსა და ხუთ ქალზე. ანგარიშის მიხედვით, სულ მცირე, კიდევ ერთი დაკავებული გარდაიცვალა „წამების, პატიმრობის, არაადამიანური პირობების ან/და აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის შედეგად“.
მთლიანობაში 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდში, რომელსაც კვლევა მოიცავს, გაეროს სადამკვირვებლო მისიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე შეძლო, დაედასტურებინა 800-ზე მეტი ადამიანის თვითნებური დაკავების შემთხვევები.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაც არღვევდა საერთაშორისო სამართალს მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავებით, მაგრამ გაცილებით მცირე მასშტაბით.
ანგარიშის მომზადებისას გაეროს ექსპერტებმა ათასზე მეტი ადამიანი - დაკავებულები, მათი ახლობლები, ადვოკატები, უფლებადამცველები და ოფიციალური პირები გამოჰკითხეს. ინტერვიუების დროს მიღებული ინფორმაცია შემოწმდა და ადგილზე დაკვირვებით, დოკუმენტებითა და ღია წყაროებიდან მიღებული ცნობებით დადასტურდა.