სანქციების საკითხებში ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა. უფრო ადრე, საგარეო უწყებისა და მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება  ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას, უწყების თანახმად, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისა და საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს პოზიტიური შეფასებისთვის.

„მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო სანქციების აღსრულებისა და სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ამ კუთხით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.

მაღალი რანგის სტუმრებს ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით და ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს, როგორც ექსპორტის, ისე რეექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო კვლავ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან, რათა ქვეყანამ გააგრძელოს სანქციების ნაწილში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა“, - წერია უწყების ინფორმაციაში.


შეხვედრას დაესწრნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა, სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ სიჭინავა და შემოსავლების სამსახურის სხვა წარმომადგენლები.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებით ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში და ის ღონისძიებები, რომელიც შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს აქვს განხორციელებული აღსრულების მიმართულებით, ნამდვილად სანიმუშოა მსოფლიოში“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა შეხვედრის შემდეგ.

როგორც მან განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს ფინანსთა სამინისტროს, კერძოდ, კი, შემოსავლების სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებები სანქციების აღსრულების მიმართულებით, რამაც მაღალი შეფასება დაიმსახურა.

„სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ამერიკულ მხარესთან, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შევთანხმდით, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. 


ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება.

ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო  თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობენ ევროკავშირის სანქციების დესპან, დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი, კუმარ აიერი.

„ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან.

ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.


იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა.

ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო.

ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება. 

უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს.