ასაკის დათვლის საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლის გამო, სამხრეთ კორეელეები 1-2 წლით „ახალგაზრდავდებიან“

სამხრეთ კორეაში ასაკის დათვლის ტრადიციული მეთოდი საერთაშორისოდ აღიარებულმა სისტემამ ჩაანაცვლა. ამის გამო, სამხრეთ კორეელების უმეტესობის ახლანდელ ასაკს 1-2 წელი დააკლდება.

The Guardian-ის თანახმად, სულ უფრო არაპოპულარული მეთოდის გამო, აქამდე სამხრეთ კორეელებს დაბადებისთანავე ერთი წელი ენიჭებოდათ და ყოველი წლის პირველ იანვარს კიდევ ერთი წელი ემატებოდათ.

შედეგად, 31 დეკემბერს დაბადებული ბავშვი ახალი წლის დადგომისთანავე 2 წლის ხდებოდა.

კანონი ძალაში დღეიდან შევიდა.

ძველმა სისტემამ ბოლო წლებში პოლიტიკოსების კრიტიკა დაიმსახურა, რადგან მათი თქმით, ეს იწვევდა დაბნეულობას და დანარჩენ სამყაროსთან შეუსაბამობას ავლენდა.