პენტაგონის ცნობით, „ვაგნერის“ დაქირავებულები უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე რჩებიან

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ რუსეთში შეიარაღებული ამბოხის წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე რჩება.

პენტაგონის წარმომადგენელს რუსი დაქირავებულების ადგილმდებარეობა არ დაუზუსტებია.

„რაც შეეხება “ვაგნერელების“ კონკრეტულ დისლოცირებასა და გადადისლოცირების შესაძლებლობას, ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულირებას არ ვაპირებ“, - განაცხადა პატრიკ რაიდერმა.

მისივე თქმით, რუსეთში მომხდარი მოვლენების გამო აშშ-ს ჯარების განლაგებაში არავითარი ცვლილება არ მომხდარა.

„ჩვენ ვერ დავინახეთ ვერაფერი, რაც, ჩვენი თვალსაზრისით, რაიმე იძულებით კორექტირებას მოითხოვდეს", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.


აშშ-ის შეფასებით, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადაწყვეტილება, მისალმებოდა პრიგოჟინს ბელორუსში, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მან ვლადიმერ პუტინისა და კრემლის ინტერესები ბელორუსი ხალხის ინტერესებზე მაღლა დააყენა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ, მეთიუ მილერის განმარტებით, ლუკაშენკო აგრძელებს ნაბიჯების გადადგმას არა საკუთარი ხალხის, არამედ, კრემლის ინტერესებისთვის.