უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თანახმად, ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე სოფლის ოკუპაციისგან გათავისუფლება კიევის დაგეგმილ კონტრშეტევაში მთავარი მოვლენა არ ყოფილა. Financial Times-თან ინტერვიუში რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ უკრაინის ძირითადი რეზერვები, მათ შორის ბრიგადების უმეტესობა, რომლებმაც დასავლეთში წვრთნები ბოლო პერიოდში გაიარეს და აღჭურვილი არიან ნატო-ს თანამედროვე ტანკებითა და ჯავშანტექნიკით, ოპერაციაში ჯერ კიდევ არ ჩართულან.
ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევის ფარგლებში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, რომელიც გენერალურმა შტაბმა არ გაასაჯაროვა, რათა თავიდან აეცილებინათ ჯარების ადგილსამყოფელის გამჟღავნება.
მისივე თანახმად, ზოგჯერ რუსული მხარეც არ აწვდის ინფორმაციას თავიანთ ხელმძღვანელობას, რომ ესა თუ ის ტერიტორია დაკარგეს.
„ზოგჯერ რუსები არ აწვდიან ცნობებს თავიანთ ხელმძღვანელობას, რომ დაკარგეს გარკვეული ტერიტორია, მათ ეშინიათ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდების“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.