სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები

სანქციების კოორდინატორებმა დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან, ჯეიმს ო'ბრაიენმა და კუმარ აიერმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ბიზნეს სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრების შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

მათ აღნიშნეს, რომ ვიზიტის მიზანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება სანქციების ეფექტიანად აღსრულების მიმართულებით.

ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ არავინ ითხოვს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სრულად გაწყვეტას, თუმცა მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება იმ პროდუქციაზე, რაც შესაძლოა რუსეთის მხრიდან გამოყენებული იყოს ბრძოლის ველზე.

„ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ რუსეთს, მიიღოს ის იარაღი, რაც მას სჭირდება უკრაინაში აგრესიული ომის საწარმოებლად და ხალხის დასახოცად. ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი, ყურადღებას ვამახვილებთ იმ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რაც გამოიყენება ამ მიზნით და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ელექტრონული მოწყობილობების მიმართულებას", - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

მისივე განცხადებით, საქართველოში გამართული შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან. ელჩის თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა.


თავის მხრივ, კუმარ აიერიმ სანქციების შედეგებსა და ეფექტიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ სანქციების დამსახურებაა ის, რომ რუსეთის ბიუჯეტს 2%-იანი დეფიციტი აქვს, 45%-ით არის შემცირებული ბუნებრივი რესურსების გაყიდვით მიღებული თანხები რუსეთისთვის და ფრონტზე დეფიციტია იმ დასავლური პროდუქციის, რაც სამხედრო ტექნიკის და იარაღის განახლებისა და ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

„ვიცით, რომ რუსეთი არ შეჩერდება და ისიც ვიცით, რომ რუსეთი ყოველთვის ეცდება, რომ შავი ხვრელები და გზები გამონახოს, რომ აიცილოს კონკრეტულ საქონელზე სანქციების ქვეშ მოხვედრა და სწორედ ამის გასარკვევად ვართ ჩვენ ჩამოსულები", - განაცხადა კუმარ აერიმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე რადიო თავისუფლების თანახმად.