უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ფრონტზე არსებული სიტუაცია აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.
ზალუჟნიმ ტლეგრამზე დაწერა, რომ უკრაინამ შეძლო სტრატეგიული ინიციატივის ხელში აღება, უსაფრთხოების და თავდაცვის ძალები შეტევას განაგრძობენ და წინსვლა აქვთ. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. უკრაინის არმიის მთავარსარდლის ინფორმაციით, რუსეთის ძალები პოზიციების შენარჩუნებას ტერიტორიების დანაღმვით ცდილობენ.
გენერლის თანახმად, მტრისგან ძლიერი წინააღმდეგობაა, თუმცა, მას დიდი დანაკარგიც აქვს.
„განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. ჩვენ მოვახერხეთ სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, გვაქვს პროგრესი. მტერი ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევს, ამავდროულად დიდ დანაკარგებს განიცდის. ის ცდილობს შეინარჩუნოს თავისი პოზიციები ტერიტორიის უწყვეტი დანაღმვით“, - წერს ზალუჟნი.
მისივე თანახმად, მარკ მილისთან ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაუდებელ საჭიროებებზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობის შესახებ და მადლობა გადაუხადა სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, რომელიც შეერთებულმა შტატებმა წინა დღეს გამოაცხადა.
„შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კონტაქტს და კოორდინაციას გავიწევთ ქმედებებს უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციისთვის“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
ივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ატარებენ შეტევით ოპერაციებს. 26 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ ამ პერიოდში, მხოლოდ სამხრეთში გათავისუფლებულია 130კმ² ფართობი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინელების კონტრშეტევები მოგერიებულია.
უკრაინის თავდაცვის ძალების გარკვეულ წინსვლას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა და ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ადასტურებენ.