ოლაფ შოლცი: პუტინი თავის სავარძელში ისევ ისე მყარად არ ზის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ რუსეთში მომხდარმა წარუმატებელმა ამბოხებამ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაასუსტა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში ვითარება კვლავ დაძაბულია და გერმანია სიფრთხილით იმოქმედებს.

„ეს მოწმობს იმას, რომ არის ბზარები ავტოკრატიულ სტრუქტურებში, ძალაუფლების სტრუქტურებში და რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ზის ისევ ისე მყარად თავის სავარძელში. მე მჯერა, რომ ის დასუსტებულია”, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შოლცის თანახმად, რუსეთი არის ბირთვული სახელმწიფო: „ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით უნდა შევხედოთ, როცა სახიფათო სიტუაციები წარმოიქმნება - და ეს სახიფათო სიტუაციაა".


გერმანიის კანცელრის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს უკრაინას, რათა მან შეძლოს თავის დაცვა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინის მხარდაჭერის მიზანი არ არის რუსეთში რეჟიმის შეცვლა".

ოლაფ შოლცმა უპასუხა კითხვას, რამდენ ხანს დარჩება ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში.

„არ მინდა რაიმე სპეკულაციაში ჩართვა იმასთან დაკავშირებით, რამდენ ხანს იქნება ის ხელისუფლებაში. ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი, შეიძლება - მოკლე, ჩვენ არ ვიცით", - განაცხადა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, კრემლში ხელმძღვანელობის შეცვლა შესაძლოა, არ იყოს საუკეთესო ვარიანტი: „ჩვენ არ ვიცით, პუტინის შემდეგ უკეთესი მოვა, თუ უარესი“, - აღნიშნა შოლცმა.