მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი რეგიონში თავის ოთხწლიან მისიას ასრულებს. ივლისიდან ის ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის სათაო ოფისში გააგრძელებს მუშაობას ინფრასტრუქტურის გლობალური ჯგუფის სტრატეგიისა და ოპერაციების დირექტორის პოზიციაზე.
გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში მოლინეუსი საუბრობს 2019 წლიდან დღემდე მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე და „მადლობას უხდის ქვეყნის მოსახლეობას გულითადი მასპინძლობისთვის და პარტნიორებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“.
„საქართველოში ყოფნის ბოლო ოთხი წლის მანძილზე ბევრი ვიდეო, ინტერვიუ და მედიაგამოსვლა ჩავწერე. თუმცა, დღევანდელი მიმართვა ალბათ ყველაზე რთულია. რატომ? იმიტომ, რომ თქვენთან დამშვიდობება მიწევს, უნდა გითხრათ ნახვამდის!
ეს მართლაც სასიხარულო და ამავდროულად სევდიანი მომენტია როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ოჯახისთვის. სასიხარულოა იმიტომ, რომ ჩვენ შევძლებთ შინ, ვაშინგტონში დაბრუნებას, ჩვენს მეგობრებთან კვლავ შეხვედრას, და მე გავაგრძელებ მუშაობას მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან დღის წესრიგზე, რომლის მიზანია სატრანსპორტო სექტორის დეკარბონიზაციის, გლობალური ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობა, ასევე ვიმუშავებ ციფრული განვითარების საკითხებზე, რაც მეტად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის და ბანკისთვის შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად და წინსვლისთვის. ხოლო სევდიანია იმოტომ, რომ მე და ჩემი ოჯახი ვტოვებთ საქართველოს, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე ჩვენთვის მართლაც ძვირფას ადგილად იქცა.
ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე მუშაობა აქ, საქართველოში გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა, რეალურად მე ვარ ნაწილი საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამისა, რომელიც 1990-იან წლებში დაიწყო, როცა ქვეყანამ გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა აირჩია და ეს პროცესი გრძელდებოდა 2000-იან და 2010-იან წლებში.
ამ ათწლეულებში ჩაეყარა საფუძველი ინსტიტუტების მშენებლობას, მტკიცე მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს, რომელმაც სტიმული მისცა ახლანდელ ეკონომიკურ ზრდას და შესაძლებელი გახადა მაშინდელი სიღარიბის განახევრება მიმდინარე ათწლეულში.
ბოლო 4 წლის განმავლობაში პირადად მქონდა პატივი, მემუშავა უდიდეს გამოწვევებზე, როგორიც იყო COVID-19-ის პანდემია და მთავრობისთვის ჩვენ მიერ გაწეული მხარდაჭერა, ასევე, პარალელურად სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო კავშირების განვითარება საქართველოში.
ციფრული განვითარების მიმართულებით აღსანიშნავია ჩვენი პროექტი Log-in Georgia, რომლის მიზანია 5,000 სოფლის დაკავშირება ინტერნეტთან. ასევე, თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი მოექცევა კავშირების განვითარების დღის წესრიგში სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ.
აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობა და მისი გაფართოება შესაძლებელს გახდის საქართველოს დაკავშირებას ევროპასთან წყალქვეშა ენერგო და ციფრული კაბელის საშუალებით. ეს პროექტები, რომელთა განხორციელებასთან დაკავშირებით დახმარებას ვუწევთ მთავრობას, მართლაც განსაკუთრებულია ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამასთან ერთად, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად.
კოლეგებო და მეგობრებო, მსურს, ჩემი უსაზღვრო მადლიერება გამოვხატო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომელთაც შესანიშნავი მასპინძლობა გამიწიეს და შვილივით მიმიღეს.
დიდი მადლობა ჩვენს კლიენტებსა და სამთავრობო პარტნიორებს, რომელთაც ქვეყნის რეფორმირებისა და ევროპული მომავლისადმი მტკიცე ხედვა ჰქონდათ.
ასევე, დიდი მადლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საელჩოებს, განვითარების მიმართულებით მომუშავე ჩვენს პარტნიორებს გასული ოთხი წლის განმავლობაში თანამშრომლობისთვის. და ბოლოს, დიდი მადლობა როგორც კერძო სექტორს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც წარმოადგენდნენ ბევრი რეფორმის საყრდენს და თავიანთი ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდათ ჩვენი პროგრამების განხორციელებაში.
დასასრულს, მსურს, ყველას გულითადი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის და იმისთვის, რომ ოჯახის წევრებად მიგვიღეთ, და მოუთმენლად ველით საქართველოში დაბრუნებას, რათა კვლავ გავხდეთ ამ შესანიშნავი საზოგადოებისა და ოჯახის ნაწილი“.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე სებასტიან მოლინეუსს როლანდ პრაისი შეცვლის, რომელიც საქმიანობას ოფიციალურად პირველი სექტემბრიდან შეუდგება.
როლანდ პრაისის შესახებ
ამჟამად როლანდ პრაისი მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელია რუანდაში. პრაისი, რომელიც იამაიკის მოქალაქეა, მსოფლიო ბანკის ჯგუფს 2006 წელს შეუერთდა, როგორც ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.
ის ბანკს წარმოადგენდა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, ისევე როგორც საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებსა და წყნარი ოკეანის აუზის კუნძულებზე. იგი ახდენდა სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფას ფინანსების, ინფრასტრუქტურისა და კერძო სექტორის მიმართულებით. მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე ის იყო იამაიკის მთავრობის მრჩეველი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
პრაისი ფლობს ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო სამართალში; მას მიღებული აქვს სამართლის დოქტორის წოდება მაიამის უნივერსიტეტში და აქვს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესსა და მათემატიკაში.