უკრაინის პრეზიდენტი ახალი სახელმწიფო დოქტრინის განხილვის მოწოდებით გამოვიდა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მომავალი ტრანსფორმაციის პრიორიტეტებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ივნისს კონსტიტუციის დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქვეყნის უსაფრთხოების, მოდერნიზაციისა და განვითარების მიზნებზე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, უკრაინა კორუფციასა და უსამართლობას ებრძვის, მაგრამ ახლა წინ განვითარებისა და პროგრესისკენ დგამს ნაბიჯებს.
მისი შეფასებით, უკრაინისთვის, რომელიც გამარჯვებამდე მიდის, ამ დოქტრინამ უნდა უპასუხოს ყველა ფუნდამენტურ კითხვას უკრაინისა და მისი მომავლის შესახებ.
„ჩვენ გვჭირდება დოქტრინა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომელიც უკრაინისა და ჩვენი მომავლის შესახებ ყველა ფუნდამენტურ კითხვას უპასუხებს - ჩვენთვის, ჩვენი მეზობლებისთვის და ყველასთვის მსოფლიოში. ჩვენ გვჭირდება ახალი სისტემა, ახალი წესები, ახალი შესაძლებლობები. მინდა, რომ შემოგთავაზოთ ძირითადი პუნქტები ეროვნული დისკუსიისთვის: ჩვენი გამარჯვების ფილოსოფია, უკრაინის უსაფრთხოების გლობალური ხასიათი, გმირების პოლიტიკა, სამართლიანობის პოლიტიკა და ტრანსფორმაცია 10 წელიწადში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს ტრანსფორმაცია აუცილებელია შემდგომი წარმატებული განვითარებისთვის.
„ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ სიმამაცე იძლევა თავისუფლებას, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ თავისუფლება იძლევა წარმატებას. ჩვენ მას ვაქცევთ უკრაინულ აქსიომად: თავისუფლება იძლევა წარმატებას“.
ზელენსკის განცხადებით, ახალი დოქტრინის უმაღლეს რადაში, თემებში, სხვადასხვა დონეზე განხილვის შემდეგ, ტექსტს სხდომაზე დაამტკიცებს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო.
ზელენსკის თქმით, უკრაინის გამარჯვება ნიშნავს მის ლეგალურ საზღვრებში სუვერენიტეტის აღდგენას და NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას.