რუსეთი მიმართავს ძალისხმევას სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად ოკუპირებული აფხაზეთის გავლით. სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის განსახორციელებლად, რომელიც დასახულია. ეს საგზაო რუკა მოიცავს დოკუმენტების ხელმოწერას სახელმწიფოს მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების მთავრობებს დაქვემდებარებული შესაბამისი კომისიების დონეზე. ყველაფერი კეთდება ყოველდღიურად, რომ ეს განხორციელდეს“, - განაცხადა ზახაროვამ.
მანამდე „აფხაზეთის ტერიტორიის“ გავლით სარკინიგზო ტრანზიტის აუცილებლობის შესახებ განაცხადა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატინირმა. ეს თემა განიხილეს რუსეთ- საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომაზე.
2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებით მიმართა, რომ აფხაზეთი მზადაა, „თანაბარი პირობებით“ მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კავშირის გახსნის პროექტში.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
მოსკოვმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისოს საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები მისი ტერიტორიიდან.