ISW განმარტავს, რაზე მიუთითებს სუროვიკინის „დაკავება“

რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, გენერალ სერგეი სუროვიკინის „დაკავება“, შესაძლოა, მიუთითებს იმაზე, რომ კრემლს განზრახული აქვს, თავდაცვის სამინისტრო გაწმინდოს არალოიალური ფიგურებისაგან, წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 29 ივნისს.

ISW-ის თანახმად, თუ რუსეთის ხელისუფლებამ დააკავა სუროვიკინი, მაშინ კრემლი, სავარაუდოდ, გამოიყენებს სუროვიკინს, როგორც განტევების ვაცს, რათა საჯაროდ ახსნას, თუ რატომ იყო რუსეთის სამხედრო და რუსეთის შიდა უსაფრთხოების აპარატების პასუხი ასეთი სუსტი აჯანყებაზე.

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი, სავარაუდოდ, შეეცდება, დაასუსტოს ისინი, ვინც შესაძლოა, თანაუგრძნობდა აჯანყებას.


28 ივნისს, ღამით, გამოცემა The Moscow Times-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ სერგეი სუროვიკინი დაკავებულია პრიგოჟინის მხარდაჭერის გამო. შეკითხვას, სად იმყოფება გენერალი, ერთ-ერთმა წყარომ უპასუხა, რომ „ამ ინფორმაციაზე კომენტარი შიდა არხებითაც კი არ კეთდება".

ამერიკული გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხებას გეგმავდა. ამ ცნობას სპეკულაცია უწოდა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

ცნობილი რუსი ჟურნალისტი, „ეხო მოსკვის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი და რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული, ალექსეი ვენედიქტოვი ამბობს, რომ გენერალ სუროვიკინს სამი დღეა, ოჯახთან კავშირი არ ჰქონია და კონტაქტზე არც მისი დაცვის თანამშრომლები არიან.