ბიზნესმენმა იგორ მაკაროვმა რუსეთის პასპორტზე უარი თქვა. ამის შესახებ Forbes-ი წერს. ის გახდა Forbes-ის სიაში მყოფი მეექვსე მილიარდერი, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქეობაზე.
მაკაროვს აქვს კვიპროსის პასპორტი, რომელიც 2008-2012 წლებში ინვესტიციების სანაცვლოდ მიიღო.
ბოლო წლებში ბიზნესმენი სამ ქვეყანაში - კვიპროსში, აშშ-სა და იტალიაში ცხოვრობდა.
მაკაროვი არ არის პირველი რუსი ბიზნესმენი, რომელმაც გადაწყვიტა, უარი თქვას რუსეთის მოქალაქეობაზე. 2022 წელს Forbes-ის სიის რამდენიმე მოქმედმა და ყოფილმა წევრმა ერთდროულად განაცხადა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე.
კერძოდ, ხსენებულ ბიზნესმენებს შორის არიან: საინვესტიციო კომპანიის - Freedom Finance-ის დამფუძნებელი, ტიმურ ტურლოვი (მიიღო ყაზახეთის მოქალაქეობა), საინვესტიციო კომპანია - Troika Dialog-ის დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელი, რუბენ ვარდანიანი (სომხეთში გადავიდა), ინვესტორი იური მილნერი (რომელიც მრავალი წელია, რუსეთში არ ცხოვრობს და აქვს ისრაელის პასპორტი), Revolut fintech სტარტაპის დამფუძნებელი, ნიკოლაი სტორონსკი, რომელის ფლობს ბრიტანულ პასპორტს და Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი, ოლეგ ტინკოვი, რომელსაც კვიპროსის მოქალაქეობა აქვს.