ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თურქეთს ეწვია. ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ცნობით, ინალ არძინბას სტამბოლის აეროპორტში თურქეთში „აფხაზეთის წარმომადგენელი“ იბრაჰიმ ავიძბა დახვდა.
არძინბა „წარმომადგენლობის“ ოფისში შეხვედრას დაესწრო „აფხაზეთის კულტურის ცენტრების ფედერაციის“ თავმჯდომარის, მურატ მაჰარიას მონაწილეობით.
„შეხვედრისას არძინბამ ხაზი გაუსვა თურქეთში თანამემამულეებთან მუშაობის გაღრმავების მნიშვნელობას, რუსი კოლეგების ჩართულობით აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებას, ასევე საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურებას“. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, არძინბამ ანკარაში მორიგი შეხვედრა გამართა თურქეთში რუსეთის ელ ალექსეი იერხოვთან.
აღსანიშნავია, რომ არძინბას უკრაინაში 2015 წლიდან ეძებენ. უკრაინის პროკურატურამ მას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მზადების საქმესა და სხვა დანაშაულებზე.