უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 890 მილიონი დოლარის მოცულობის ტრანშს მიიღებს

უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 890 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ტრანშს მიიღებს. ფონდის ინფორმაციით, გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი უკრაინის მხარდაჭერის 115 მილიარდ დოლარიანი მთლიანი პაკეტის ნაწილია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორთა საბჭომ უკრაინის გაფართოებული ფონდის (EFF) პირველი მიმოხილვა დაასრულა, რაც ფონდის ხელმძღვანელობას დაახლოებით 890 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის საშუალებას აძლევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს თანხები საბიუჯეტო მხარდაჭერას მოხმარდება.

„მიუხედავად ომისა, უკრაინის ეკონომიკა იმაზე მეტ მედეგობას ავლენს, ვიდრე მოსალოდნელი იყო 2022 წლის მკვეთრი შემცირების შემდეგ. მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2023 წელს 1-3 პროცენტამდე გაიზარდა, რადგან მიმდინარეობს შიდა მოთხოვნის აღდგენა, ინფლაცია მცირდება და სავალუტო რეზერვები კვლავ ძლიერია სავალუტო ბაზარზე სტაბილური კურსის ფონზე. ზოგადად, დაბალანსებული პოლიტიკის, ასევე მუდმივი და დროული საგარეო მხარდაჭერის წყალობით, შესაძლებელი გახდა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“, - აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.