უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა, საერთო ეროვნული ტელემარათონის მსვლელობის დროს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა "სტრატეგიული ინიციატივა იგდეს ხელთ“ და ფრონტის ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ.
მალიარის თქმით, არსებობს პროგრესი როგორც აღმოსავლეთში, კერძოდ, ქალაქ ბახმუტის გარშემო, ასევე სამხრეთით, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩართული არიან ფრონტის ხაზის გასწორებაში.
„თავად ქალაქში (ბახმუტი) არ შევსულვართ. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნების კონტროლს. თუმცა მთავარი ბრძოლები ახლა ქალაქის გარშემო მიმდინარეობს. და იქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეტევა რამდენიმე მიმართულებით მიდის. ეს არ არის მხოლოდ ფლანგები, არამედ ბევრად უფრო ფართო ფრონტი", - განაცხადა ჰანა მალიარმა.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მტერს ამ მიმართულებით დიდი ძალები ჰყავს მოზიდული და უკრაინის არმიას, როგორც ტექნიკის, ისე პირადი შემადგენლობის მხრივ, მოქმედება უხდება „მტრის აბსოლუტური უპირატესობის პირობებში“.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ფრონტზე არსებული სიტუაცია განიხილა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან.