ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თბილისშია

საქართველოს 29 ივნისს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი ეწვია. ის მონაწილეობას მიიღებს „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ დუნია მიატოვიჩი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, ნიკ ბერესფორდი. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

დუნია მიატოვიჩი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის პოსტს 2018 წლის აპრილიდან იკავებს.

კომისრის საქმიანობის სფერო მოიცავს ადამიანის უფლებათა მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის - გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტების უსაფრთხოებას, უფლებადამცველთა დაცვას, დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას.

„თბილისი პრაიდის“ კვირეული 2 ივლისს გაიხსნება.

ცნობისთვის, თბილისში ვიზიტით ასევე იმყოფება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი.