ბუდანოვის თქმით, „ეფესბეს“ ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაცია დაევალა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (FSB) „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაცია აქვს დავალებული.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ „ეფესბეს“ მისი მკვლელობის დავალება მისცეს. წარმატებით განახორციელებენ ამას? დრო გვიჩვენებს“, - აღნიშნა ბუდანოვმა ონლაინ გამოცემა The War Zone-თან ინტერვიუში.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მკვლელობის მცდელობა სწრაფად ვერ განხორციელდება.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ასეთი პოტენციური მკვლელობის მცდელობა არ იქნება სწრაფი. მათ გარკვეული დრო დასჭირდებათ. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს დიდი ღია კითხვაა. იქნებიან თუ არა ისინი წარმატებულები ამ საქმეში. შეასრულებენ ამას? გაბედავენ ამ ბრძანების შესრულებას?"- აღნიშნა ბუდანოვმა.