უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აღშფოთებულია ზოგიერთი პირის განცხადებებით, რომლებიც უკრაინის არმიის კონტრშეტევისგან სწრაფ შედეგებს ითხოვენ.
უკრაინული მედიის ცნობით, The Washington Post-თან ინტერვიუში ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, მისი მეომრები ყოველდღიურად წინ მიიწევენ.
ზალუჟნის თქმით, „ალბათ, კონტრშეტევა არც ისე სწრაფად მიმდინარეობს, როგორც შოუს მაყურებლებს, დამკვირვებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა”.
„მაბრაზებს, როცა მესმის, რომ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უფრო ნელა დაიწყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩემი ჯარები ყოველდღე წინ მიიწევენ, თუნდაც მხოლოდ 500 მეტრით. ეს არ არის შოუ. ეს არ არის გადაცემა, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს, რაზეც ფსონს დებენ ან რაღაც ამგვარი. ყოველდღე, ყოველი მეტრი სისხლითაა მოპოვებული“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
მთავარსარდლის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სასწრაფოდ სჭირდება დასავლური F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რადგან ამ ტიპის იარაღის გარეშე შეუძლებელია დაკისრებული ამოცანების შესრულება, მაგრამ უკრაინის დამცველები მაინც გმირულად მიიწევენ წინ და ათავისუფლებენ თავიანთ მიწას ოკუპანტებისგან.
„დიახ, ალბათ არც ისე სწრაფად, როგორც შოუს მაყურებლებს, დამკვირვებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა”, - აღნიშნა ვალერი ზალუჟნიმ.