ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა მოუწოდეს ჩინეთს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ გაბცხადებაში, რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიიღეს.
ჩინეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებაზე, განაცხადეს შეხვედრის მონაწილეებმა.
ევროკავშირის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ეკონომიკურ და საერთაშორისო თანამშრომლობას ჩინეთთან, მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან, სურსათის უვნებლობასთან და მომავალ პანდემიებთან და სტიქიურ უბედურებებთან გამკლავებისთვის მომზადებაში. აქვე პეკინს მოუწოდებენ, მეტი გააკეთოს კლიმატის დაცვის საქმეში.
დოკუმენტის თანახმად, პეკინი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და მეტოქე, მაგრამ ევროკავშირი და ჩინეთი ერთმანეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორები არიან. ევროკავშირი თვლის, რომ მას, მთლიანობაში, სურს შეამციროს ჩინეთზე თავისი დამოკიდებულება მომარაგების ჯაჭვში.