ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარების დღეს კიევში ჩავიდა.
სანჩესი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მესამე ვიზიტია კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ესპანეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობას შვედეთისგან გადაიბარა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ დღეს უკრაინაში ვიზიტი ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი ექვსი თვე ევროპისთვის.
NATO-სა და ევროკავშირის წევრი, ესპანეთი უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერს.
ის უზრუნველყოფს წვრთნასა და სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის Leopard 2-ის ტიპის ტანკებს.